ანტიკური მანიკური

#NaWa Blog

გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ სიტყვა „მანიკური“ ლათინური სიტყვების კომბინაციიდან წარმოიშვა – „მანუს“ – ხელს, ხოლო „კურა“- მოვლას ნიშნავს. დღეს, მანიკური ხელის მოვლის ერთგვარი სისტემაა, რომელიც მოიცავს კანისა და ფრჩხილების მოვლას, ასევე სამედიცინო პროცედურებსა და მკურნალობას, ხატვის ხელოვნებას და ა.შ. მანიკურის ისტორია დაახლოებით 5000 წლის წინანდელი პერიოდიდან იღებს სათავეს. უძველესი ეგვიპტის და ჩინეთის ცივილიზაციებში, ხალხს, ბუნებრივია, წარმოდგენაც კი არ ჰქონდა თანამედროვე მანიკურის ტექნიკის შესაძლებლობებზე, ისინი ფრჩხილებს ბუნებრივი საღებავის, ხნის გამოყენებით, ძირითადად, ღია და ნათელი ფერებით ფარავდნენ. უძველესი ბაბილონელები ფრჩხილებს სხვადასხვა ფერად იღებავდნენ, იმის მიხედვით თუ რომელ სოციალურ კლასს წარმოადგენდნენ. მაღალი ეშელონები თეთრ და შავ საღებავებს ხმარობდნენ, დაბალი ფენა კი – მწვანეს. სწორედ ამ ხალხმა შექმნა ფრჩხილებისთვის პირველი ხელსაწყოები, თანაც სრულიად ოქროსი! რა ხდებოდა ეგვიპტეში? კლეოპატრა და ნეფერტიტი განსაკუთრებულად უვლიდნენ საკუთარ ხელებს სხვადასხვა ზეთებით, ფრჩხილებს კი ხნით იღებავდნენ. ეგვიპტეში ღრმად სწამდათ, რომ ფრჩხილების მოვლა და შეღებვა ხაზს უსვამდა მათ სიმდიდრესა და სტატუსს. საღებავის ფერი სწორედ ამას განსაზღვრავდა – მუქი ფერი შესაბამისად,დიდ სიმდიდრესთან ასოცირდებოდა. მანიკურის ამ მნიშვნელობას ჩინეთშიც დიდ ყურადღებას აქცევდნენ, განსაკუთრებით მინგის დინასტიის დროს. ელიტის წარმომადგენელი ქალები ფრჩხილებს წითლად ან შავად ფარავდნენ, იმ მიზნით, რომ თავიანთი მაღალი სოციალური სტატუსი გამოეჩინათ. ასე რომ, მანიკური ყოველთვის იყო დაკავშირებული თავის მოვლასთან, ამას გარდა, ანტიკურ საყაროში გარკვეული მნიშვნელობებიც კი გააჩნდა. დღესდღეობით, ამ სფერომ ხელოვნებაც მოიცვა, ტექნოლოგიურ წინსვლასთან ერთად კი, ალბათ, უამრავ საინტერესო სიახლეს უნდა ველოდოთ!

2018-09-26 04:09:11 PM